|
| „თეატრალური ფესტივალი-2012“ - ამჯერად ქუთაისში |
|
ტრადიციულ ფესტივალს „თეატრალური იმერეთი - 2012“ წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მასპინძლობს. ფესტივალი 17 ივნისს თავად მასპინძელმა გახსნა. მას შემდეგ ყოველდღიურად ენაცვლებიან ერთმანეთს მესხიშვილელთა სცენაზე იმერეთის სხვადასხვა რაიონის: ხონის, წყალტუბოს, სამტრედიის, ჭიათურის, ხარაგაულის, თერჯოლის, ბაღდათის, საჩხერის თეატრალური დასები.
საქართველოს თეატრალური საზოგადოების ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარემ, „თეატრალური იმერეთი - 2012“-ის პროექტის ავტორმა ლევან როხვაძემ „P.S.“-თან საუბრისას განაცხადა: „ჯერ კიდევ ომის დროს, 2008-ში, უკვე მზად ვიყავით, რომ ეს ფესტივალი ჩაგვეტარებინა ქუთაისში, მაგრამ მოხდა უბედურება და შემდეგ, ყოველ წელს, თქვენი მონა-მორჩილი იბრძვის ამ დღისთვის. თეატრი გააცოცხლა ამ ფესტივალმა. ერთმანეთს უყურებენ სხვადასხვა რეგიონის დასები, ერთმანეთს აფასებენ. დიდი წვლილი მიუძღვის სამხარეო ადმინისტრაციას და ქალაქის თვითმმართველობას. რომ არა ისინი, ქუთაისში ეს ფესტივალი არ გაიმართებოდა. ერთი სურვილი მაქვს: ფესტივალი მთელს საქართველოს ვაჩვენოთ... შესაძლოა, საერთაშორისო დღესასწაულადაც გადაკეთდეს, ეს იქნება დიდი ბედნიერება.“ ფესტივალის ჟიური, მწერალ თეიმურაზ ლანჩავას ხელმძღვანელობით, გამოავლენს გამარჯვებულს სხვადასხვა ნომინაციაში. მათ, შესაბამისად, საჩუქრებიც გადაეცემათ. ფესტივალის ფარგლებში 28 ივნისს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი ილია ჭვავჭავაძის მოთხრობების მიხედვით - „თანამდევი სული“. სცენარის ავტორი და რეჟისორია ირინე ჩხეიძე. უნდა აღინიშნოს, რომ დასის წევრია და სპექტაკლში მონაწილეობდა ჟურნალისტი, გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორის მოადგილე ნინო კაპანაძე. „დღევანდელი ნერვიულობა რაც ახლდა ამ სპექტაკლის დაწყებას, შეცვალა ძალიან დიდმა სიხარულმა და ამით ვართ ძალიან ბედნიერები, იმიტომ, რომ ქუთაისის მაღალი თეატრალური გემოვნების მქონე მაყურებლის წინაშე წარსდგომა - ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მათ თავიანთი შეფასება აპლოდისმენტებით გამოხატეს. მინდა მადლობა ვუთხრა, პირველ რიგში, რეჟისორს, რომელმაც ილია ჭავჭავაძის შემოქმედებასთან კიდევ უფრო ახლოს მოგვიყვანა და დასის თითოეული წევრი მის შემოქმედებას გვაზიარა. ზოგადად, ილია არის თანამდევი ყოველთვის საქართველოსი, ის არის ყოველთვის თანამედროვე და თემები, რაზეც ილია ფიქრობდა და წუხდა, დღესაც აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში,“- გვითხრა ნინო კაპანაძემ. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ მსახიობებს, აპლოდისმენტებთან ერთად, უამრავი ყვავილი მიართვეს. კმაყოფილი იყო თავად ხარაგაულელი გულშემატკივარიც და რეჟისორიც, რომელიც ერთ-ერთ როლს თამაშობდა სპექტაკლში. ირინე ჩხეიძე, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი და ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსი: „ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვმონაწილეობთ ამ ფესტივალში. გვინდა, ეს ფესტივალი იქცეს ტრადიციად. ჩვენს თეატრს საუკუნოვანი ისტორია აქვს, დღეს წარმოვადგინეთ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „თანამდევი სული“ და ასეთნაირად გამოვხატეთ ჩვენი განწყობა. ვფიქრობ, კლასიკა არასოდეს ბერდება და დღეს ყველა ადამიანს მოხვდებოდა გულში ილიას სიტყვები. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ დიდი ილიას სიტყვები გავაჟღერეთ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე“. სამწუხაროდ, თეატრალურ „ფესტივალ-2012“-ში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს ზესტაფონის თეატრალური დასი: წამყვან მსახიობს შვილი დაეღუპა ავტოავარიის შედეგად. ამის გამო ქუთაისის ნიღბების თეატრი, რომელიც სულ ახლახან დაბრუნდა გასტროლებიდან, დახურავს ფესტივალს სპექტაკლით „ბაკულას ღორები“. ფესტივალი 6 ივნისს დასრულდება. გალა-საღამოზე დაჯილდოვდებიან მონაწილე თეატრალური დასები.
|
| ( "ნინო ჩიტიაშვილი" ) |