PSnews >> ავტორები >> ნანა კუკულავა >>  გვათოვს, გვაწვიმს... ფოსტაში! რეკლამა საიტზე და გაზეთში | არქივი
PSnews Google
მთავარი გვერდი | ახალი ამბები | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სამართალი | ჟურნალისტური გამოძიება | კონფლიქტი | ჟურნალისტის დღიური
ინტერვიუ | რეგიონი | განათლება | მედიცინა | კულტურა | პორტრეტი | სპორტი | პრესის მიმოხილვა | უცხოეთი | გენდერი | იუმორი
23 მაისი 2013 წელი ავტორები | ჩვენს შესახებ | რეგისტრაცია
ტექსტის ზომა
გვათოვს, გვაწვიმს... ფოსტაში!

სამტრედიის კავშირგაბმულობის შენობის გაურკვეველი ბედი

 

სამტრედიის კავშირგაბმულობის ყოფილი შენობა, რომელშიც ამჟამად „საქართველოს ფოსტის“ სამტრედიის ფილიალია განთავსებული, 1974 წელსაა აგებული. იგი დღეისათვის ნახევრად დანგრეულია. როცა მზიანი ამინდია, მეტ-ნაკლებად ნორმალური სიტუაციაა, მზის სხივი ათბობს ოთახებს. მაგრამ თუ ამინდი სიმკაცრეს  გამოიჩენს, მაშინ მეტად სავალალო მდგომარეობა იქმნება. მიზეზი ისაა, რომ შენობას არც ჭერი უვარგა და არც იატაკი. თანამშრომლებს ხან თავზე აწვიმთ, ხან ტაშტებით უწევთ ოთახებიდან წყლის გარეთ გადაღვრა, სხვანაირად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეუძლებელია. სამტრედიის ფოსტის უფროსმა ლევან კრავეიშვილმა გვითხრა, რომ შენობა  „საქართველოს ფოსტას“ ეკუთვნის და, ჯერჯერობით, მათი მხრიდან მხოლოდ დაპირებებს ისმენენ.

- საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი და მისი მოადგილე გაეცნენ აქაურ გაუსაძლის პირობებს. დაგვპირდნენ, რომ მდგომარეობა გამოსწორდებოდა, თუმცა მას შემდეგ კიდევ ორჯერ გამოიცვალა საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელობა. ისევ გვესმის დაპირებები, მაგრამ მშვენივრად ხედავთ, როგორ პირობებში გვიწევს მუშაობა. კვირაობით ვისვენებთ ხოლმე, სხვა დღეებში დილიდან-საღამომდე აქ ვართ და საკმაოდ დატვირთული გრაფიკით გვიწევს მოვალეობის შესრულება.ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ, ისინიც შეგვპირდნენ, რომ მდგომარეობა შეიცვლებოდა, მაგრამ ისევ გაუსაძლის პირობებში ვიმყოფებით.

მაია ქართველიშვილი, ოპერატორ-ფოსტალიონი: ვერ წარმოიდგენთ, რა საშინელებაა აქ მუშაობა, სახსრების ანთება დამმართა წვიმიან ოთახში გამუდმებით ყოფნამ, რის გამოც ქუთაისში დავდივარ სამკურნალოდ.

ნანა გიორგაძე, ოპერატორ-ფოსტალიონი: აქ ვედრო რომ დევს, წვიმაში სულ წყლით ივსება ხოლმე.ყველა ოთახი და კორიდორი იტბორება და შეუძლებელი ხდება შენობაში შემოსვლა. შეფუთნულები ვზივართ, რაიმე ავადმყოფობა რომ არ შეგვეყაროს. თუმცა სიცხე და ფილტვების ანთებები ჩვენთვის ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. აქ შემოსული მოქალაქეები გაკვირვებულები გვეკითხებიან: კი, მაგრამ, პატრონი არ გყავთო?ქვეყანა შენდება, ირგვლივ ახალი ევროპული შენობებია და თქვენ, ფოსტა რა მდგომარეობაში გაქვთო. მართლა სირცხვილია, უპატრონოდ რომ არის ეს შენობა.

ზოია თავაძე, ფოსტის თანამშრომელი: 75 ლარი მაქვს ხელფასი და ამის გამო მიწევს აქ სიცივესა და ყინვაში გამუდმებით მუშაობა. პირველ რიგში, ჩვენი საქმე გვიყვარს და იმიტომ არ მივდივართ შინ, თორემ ასეთ პირობებში ყოფნას ყველაფერი სჯობს. რამდენიმე ხნის წინ ჭერის დიქტი გადმოვარდა და თავში დამეცა, რის გამოც ექიმთან სიარული და მედიკამენტების მიღება დამჭირდა. ვერ გავიგეთ, ვის ეკუთვნის ეს შენობა და ვინ უნდა უპატრონოს.

მარინა ნუცუბიძე, ფოსტის თანამშრომელი: ჩვენი სამსახური იმდენად შრომატევადია, რომ შეუძლებელია, გვიან მოვიდეთ და შინ ადრე წავიდეთ. თუმცა ხელფასები დროულად გვირიგდება. რა თქმა უნდა, სამტრედიის ფოსტის შემოსავლებით ვსულდგმულობთ. თუ თანხა არ გვეყო, საქართველოს ფოსტა გვიმატებს.სხვა მხრივ  თვითონაც ხედავთ, როგორი სიტუაციაა, კომენტარი არ სჭირდება აქაურ გაუსაძლის პირობებს.

ფოსტის შენობაში საქართველოს პრესა და „სილქნეტიც“ არის განთავსებული. საქართველოს პრესის უფროსის მარინა სანიკიძის თქმით, იჯარით ფართის აღებას ჰპირდებიან.  „სილქნეტიც“ მალე დატოვებს ბნელი და დანგრეული შენობის კედლებს.ფოსტის საქმე კი კვლავ გაურკვეველია.

ამ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ემზარ შუბლაძეს გავესაუბრეთ:

- ფოსტა ჩვენ არ გვეხება, თუმცა შეძლებისდაგვარად ვეხმარებით. როგორც ვიცი, კერძო მესაკუთრე ჰყავს. ისინი, ბუნებრივია, ვალდებული არიან, უპატრონონ.ჩვენ საქართველოს ფოსტის წარმომადგენლებთან ამ თემაზე საუბარი გვქონდა და ისინი დაგვპირდნენ, რომ მდგომარეობა მოგვარდებოდა. თუმცა, ჯერ-ჯერობით, სასიკეთო არაფერი ჩანს.

სანამ სამტრედიის ფოსტას მშველელი გამოუჩნდება, თანამშრომლებმა კვლავ იქ უნდა გააგრძელონ მუშაობა, სადაც წვიმიან ამინდში ქოლგებია საჭირო. აბა, სხვანაირად როგორ მოხერხდება, როდესაც თავზე აწვიმთ?! „საქართველოს ფოსტამ“ ფუჭი დაპირებებით სამი ხელმძღვანელობა უკვე გამოიცვალა, ენთუზიაზმით მომუშავე სამტრედიელ თანამშრომლებს კი, რომლებიც გმირულად უძლებენ გაუსაძლის პირობებს, შენობის გარემონტების იმედი არა აქვთ.

 

 

ნანა კუკულავა
 
© 1995 - 2009 შპს P.S. („Hacked By w00w00 GODRIK Paranoic“) | +995 431 244546 +995 99 107794 | psnews27@gmail.com