PSnews >> სამართალი >>  ამირან აფციაური: „ნებისმიერი ბიუროკრატიული სისტემა გახრწნადია“ რეკლამა საიტზე და გაზეთში | არქივი
PSnews Google
მთავარი გვერდი | ახალი ამბები | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სამართალი | ჟურნალისტური გამოძიება | კონფლიქტი | ჟურნალისტის დღიური
ინტერვიუ | რეგიონი | განათლება | მედიცინა | კულტურა | პორტრეტი | სპორტი | პრესის მიმოხილვა | უცხოეთი | გენდერი | იუმორი
23 მაისი 2013 წელი ავტორები | ჩვენს შესახებ | რეგისტრაცია
ტექსტის ზომა

ამირან აფციაური: „ნებისმიერი ბიუროკრატიული სისტემა გახრწნადია“

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მინისტრი, ხატია დეკანოიძე წარუდგინა. ქვეყნის პირველმა პირმა, პოლიციის აკადემიის ყოფილ რექტორს, აწ უკვე განათლების მინისტრს, წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმები და ამ რეფორმის მნიშვნელოვანი ფიგურა მასწავლებელი უნდა იყოს.

 

 

რას მოგვიტანს განათლების სამინისტროს მიერ დღემდე შემოთავაზებული რეფორმები და როგორ აისახება ეს რეფორმები სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში? ამ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრება ქუთაისის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი, ტექნიკურ-მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ამირან აფციაური. 

„შემიძლია ვთქვა, რომ საყურადღებოა ის ცვლილებები, რომლებიც ამ ეტაპზე მოხდა განათლების სამინისტროში, თუნდაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. იკვეთება ის ეჭვები, რომლებიც თავისთავად გაჩნდა ამ სტრუქტურის მიმართ. ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმ საკითხზე, რომ განათლების რეფორმაში გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული, რომელთაც გადახედვა სჭირდება. მე, თავიდანვე, 2004 წელს, ერთ-ერთ საგაზეთო პუბლიკაციაში აღვნიშნე, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ზედმეტი უფლებების ცენტრალიზაცია ამ ერთი სტრუქტურის ხელში არ იქნება მიზანშეწონილი. კარგი იქნებოდა, გამოცდების ეროვნული ცენტრი, ძირითადად, შემოფარგლულიყო ერთწლიანი გრანტებით, ანუ განესაზღვრა ის სტუდენტები, რომლებსაც შეეძლოთ, მიეღოთ ერთწლიანი გრანტი, ხოლო ამის შემდეგ, უკვე თვითონ უნივერსიტეტი გადაწყვეტდა, თუ ვინ მიიღებდა ამის შემდეგ გრანტს და ვინ - არა. რა მოგვცა ასეთმა მეთოდმა? ის, რომ სტუდენტი ემზადება რეპეტიტორთან, აიღებს მაღალ ქულებს, მოიპოვებს გრანტს და შემდეგ ოთხი წელი შეუძლია არაფერი აკეთოს. ანკი, რატომ გააკეთებს, უფასო ადგილი გარანტირებული აქვს.“

პროფესორი განათლების სამინისტროს იმ ბოლო გადაწყვეტილებასაც ეხმიანება, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმებას ეხება და აღნიშნავს: გამოცდების ეროვნული ცენტრის ფუნქციას ამიერიდან სკოლა შეითავსებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადრე თუ უმაღლესი სასწავლებლების დაკომპლექტებას წყვეტდა გამოცდების ეროვნული ცენტრი, ამას  მომავალი  წლიდან  გადაწყვეტენ  სკოლები.  ეს  იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი სასწავლებლების მიმართ ადგილი აქვს ზედმეტ უნდობლობას და ეს, არავითარ შემთხვევაში, სიკეთის მომტანი არაა. რა თქმა უნდა, უმაღლეს სასწავლებლებში იყო კორუფცია, მაგრამ ერთიანი ეროვნული გამოცდებით კორუფციის აღმოფხვრა არ არის შესაძლებელი. მით უფრო, რომ ეს, ვერავითარ შემთხვევაში, ვერ აღმოფხვრის მთავარ კორუფციას, რომელიც თვით უნივერსიტეტებში ხდებოდა და დღესაც ბევრგან ხდება. 

ახალი რეფორმა, რომელიც მომავალი წლიდან ეროვნული გამოცდების გაუქმებას გულისხმობს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაზრდის სკოლის პასუხისმგებლობას და გამოაცოცხლებს მას. ამასთან ერთად, ეს  გამოიწვევს იმას, რომ ახლა სკოლებში გაჩნდება საფუძველი კორუფციისა. დაიწყება ნიშნებზე ბრძოლა და იგივე რეპეტიტორების ინსტიტუტი ამოქმედდება სკოლებში. რა თქმა უნდა, ამით სულაც არ ვცდილობ, სასკოლო გამოცდების როლი დავაკნინო, პირიქით, საჭიროა უფრო მეტი. ეს არის ისეთი ქვეყნის აშენება,  სადაც ყველაზე მთავარი ცოდნის მიღებაა და არა დიპლომი თუ ატესტატი. ამისათვის კი მთავარი არის ერთი, რომ ქვეყანაში უნდა იყოს პირდაპირი კავშირი პროფესიულ განათლებასა და დასაქმებას შორის. ეს კი მიიღწევა მხოლოდ ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკით.

თუ ჩვენ არ გვექნა ნორმალური საბაზრო ეკონომიკა, ახალგაზრდები, შესაბამისად, თავიანთ ცოდნას ვერ გამოიყენებენ.

სამწუხაროდ, დღეს ისე ხდება, რომ მუშაობის დაწყება საზოგადოების პოლიტიკურ დუღილზეა დამოკიდებული. თუ სწორად აიღებ პოლიტიკურ ალღოს და მოხვდები იმ გუნდში, რომელიც ქვეყნის სათავეშია, გექნება სამუშაო, თუ არადა, რაც არ უნდა პროფესიონალი იყო, სამსახურს ვერ იშოვი. წინ წამოწეული ის საკითხი კი არ უნდა იყოს, შენ რომელ პოლიტიკურ პარტიაში ხარ, ან ვისი მხარდამჭერი, არამედ ის, თუ როგორი პროფესიონალი ხარ. თავისუფალი ურთიერთობები არ უნდა იყოს ვინმესგან მართვადი. ეს ურთიერთობები საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით უნდა იმართებოდეს.

უმაღლესმა სასწავლებლებმა საკუთარ თავზე უდიდესი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. მაგრამ, როცა პასუხისმგებლობა მაღალია, უფლებებიც შესაბამისი უნდა გქონდეს. როგორ შეიძლება, პასუხი მოსთხოვო უმაღლეს სკოლას, როდესაც მას არ ენდობიან, თვითონ შეირჩიონ საკუთარი კონტინგენტი!

რა თქმა უნდა, როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდები, ისე სასკოლო გამოცდების სისტემის გაუმჯობესება საერთო პრობლემის მოგვარებისათვის აუცილებელია, მაგრამ უკიდურესობებში გადავარდნა და ზედმეტი ბიუროკრატიზაცია არ შეიძლება. ეს მხოლოდ პრობლემის ერთი მხარეა და ამის იმედად ყოფნა არ შეიძლება.

ყველა პრობლემა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდება, როდესაც ქვეყანა პოლიტიკური ისტერიიდან გამოვა და ჭეშმარიტად თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანას ავაშენებთ.

როდესაც მუშაობის დაწყება მხოლოდ პროფესიონალიზმზე იქნება დამოკიდებული, არავინ მივა იმ უნივერსიტეტში, სადაც არ ასწავლიან, აღარ გადაიხდიან ფულს უცოდინარობაში, მოისპობა კორუფცია და ეს იქნება ყველაზე საუკეთესო ავტორიზაცია. შესაბამისად, საავტორიზაციო კომისიებზეც დანახარჯები აღარ იქნება საჭირო.

როდესაც საზოგადოებაში ცოდნაზე მოთხოვნილება გაიზრდება,  არცერთი უმაღლესი სასწავლებელი არ მიიღებს მოუმზადებელ აბიტურიენტს და ეს, თავისთავად, გააჯანსაღებს სასკოლო სისტემასაც. ასეთ სკოლებში გამოსაშვები გამოცდები ნიშნებზე ნადირობის სისტემად აღარ გადაიქცევა. ყველა სხვა შემთხვევაში, ადმინისტრაციული მეთოდებით პრობლემის მოგვარება ნიშნავს ზედმეტად ბიუროკრატიული სისტემის შექმნას. ასეთი სისტემები, საწყის ეტაპზე, თითქოსდა კარგ შედეგებს იძლევიან, მაგრამ ისინი არ ამართლებენ,  რადგან ყველა ბიუროკრატიული სისტემა, გახრწნადია. სამწუხაროდ, ამას მხოლოდ წლების შემდეგ ვამჩნევთ.“

ამირან აფციაური ასევე ყურადღებას ამახვილებს დისტანციური სწავლების მეთოდზე. აღნიშნავს, რომ დღეს ახალგაზრდები უფრო გათვითცნობიერებულები არიან: „კარგია, თუკი საქართველოში  მოხდება დისტანციური სწავლების ფაკულტეტების შექმნა, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენაზე, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველებმა და არაქართველებმა ისწავლონ ჩვენს უნივერსიტეტებში. მე, მაგალითად, სექტემბრიდან ჩემი უმაღლესი დაწესებულება დისტანციურ სწავლებაზე გადამყავს. სწორედ ამისთვის ვარჩიე დამოუკიდებელ ბაზაზე ყოფნა. ჩვენ რვა უცხოურ უნივერსიტეტთან გვაქვს დადებული ხელშეკრულება და, სამომავლოდ, ჩვენი სტუდენტები, საქართველოდან წაუსვლელად, ადგილზე ისწავლიან ბელორუსიის, უკრაინის, ბულგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში,  დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენებით.“

ბატონ ამირანს მიაჩნია, რომ პროფესიულ განათლებას სჭირდება მატერიალური ბაზა, რომელიც ძვირი ჯდება. ასეთი ბაზის არსებობა, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის, თუკი არსებობს დასაქმების საკმაოდ მაღალი გარანტიები. ამასთან ერთად, თუკი პროფესიულ სასწავლებელს არ გააჩნია მძლავრი ბაზა და დასაქმების გარანტიები, უმჯობესია, ახალგაზრდამ მიიღოს ზოგადი, ფუნდამენტური საუნივერსიტეტო განათლება, რათა, სამსახურის დამოუკიდებლად ძიების პროცესში, ადვილად მოერგოს არსებულ რეალობას.

 

 

ლია ჩახუნაშვილი
 გააკეთეთ კომენტარი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ!
 
© 1995 - 2009 შპს P.S. („Hacked By w00w00 GODRIK Paranoic“) | +995 431 244546 +995 99 107794 | psnews27@gmail.com